კენჭისყრის პროცესი

კენჭისყრის პროცესი
საქართველოს პარლამენტის არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება. ა) არჩევნები ფარულია - ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი უნდა შეავსოს სპეციალურად მოწყობილ ხმის მისაცემ კაბინაში, რომელსაც ფარული კაბინა ეწოდება. დაუშვებელია ვინმემ გააკონტროლოს ამომრჩევლის ნების გამოვლენა. თუ ასეთ მცდელობას ექნება ადგილი, ამომრჩეველს უფლება აქვს, მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რათა დამყარებული იქნას წესრიგი. ამომრჩეველს უფლება აქვს, ხმის მისაცემ კაბინაში თავისი სურვილით შეიყვანოს სხვა ამომრჩეველი დახმარების მიზნით. მაგრამ არ შეიძლება ამომრჩეველთან ერთად კაბინაში შევიდეს არჩევნების ადმინისტრაციის წევრი (კომისიის წევრი, რწმუნებული, მეთვალყურე და ა.შ.). ბ) არჩევნების პირდაპირია. ე.ი. ამომრჩეველი ხმას აძლევს უშუალოდ. დაუშვებელია სხვის მაგივრად ხმის მიცემა. არ შეიძლება ამომრჩეველს მიეცეს სხვა ამომრჩევლის ბიულეტენი (მეუღლის, შვილის, ნათესავის, მეზობლის და ა.შ.) ბიულეტენის მისაღებად ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბიულეტენის მიღება დაადასტუროს ამომრჩეველთა სიაში ხელის მოწერით. ამომრჩეველს მიეცემა იმდენი ბიულეტენი, რამდენ ამომრჩეველთა სიაშიც არის იგი შეყვანილი. ბიულეტენი არის ორნაირი: პროპორციული და მაჟორიტარული. პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი ეწოდება ბიულეტენს, რომელშიც შეტანილია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მონაცემები. ამომრჩეველს უფლება აქვს, ხმა მისცეს მხოლოდ ერთ პარტიას. თუ ამომრჩეველი ხმას მისცემს ერთზე მეტ პარტიას, ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება. მაჟორიტარულია ბიულეტენი, რომელშიც შეტანილია მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი დეპუტატობის კანდიდატების მონაცემები. ბიულეტენის შევსებისას ამომრჩეველმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ ერთი ხმა აქვს და შეიძლება მხოლოდ ერთ კანდიდატს მისცეს ხმა. კენჭისყრის პროცესი პარლამენტის არჩევნების დგეს ეწყობა 7.00 სთ-დან 20.00 სთ-მდე. პასუხისმგებლობა კენჭისყრის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიას. კენჭისყრის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია ითვლის ხმებს როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული ბიულეტენების მიხედვით და შედეგებს აფორმებს ოქმების სახით. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით ადგენს: გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, არჩევნებში მონაწილე რაოდენობას, ნამდვილად და ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშების ბიულეტენების რაოდენობას, თითოეული კანდიდატისათვის მიცემული ხმების რაოდენობას, არჩევნების შედეგებს. საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ კენჭისყრის მონაწილეთა ერთი მესამედისა. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული ოქმი და საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმები ერთად გადაეცემა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ჩატარებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება ხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არჩევნების ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო და საუბნო კომისიების მიერ გადაცემული ოქმების საფუძველზე ადგენს არჩევნების საბოლოო შედეგების ამსახველ ოქმს და გადასცემს ამ ოქმების ასლებს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტის არჩევნები პარტიული სიების მიხედვით ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი მაინც. პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 7% მაინც. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 150-ზე და გაიყოს ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარად მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებისაგან თითო მანდატი მიეკუთვნებათ იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს, თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია. თუ კანდიდატი არჩეულია, როგორც საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი არჩეულად ითვლება საარჩევნო ოლქიდან, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში ხდება მისი მომდევნო კანდიდატების წანაცვლება სიის დასაწყისისაკენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია, ბათილად ცნოს არჩევნების შედეგები იმ საარჩევნო უბნებში, სადაც უხეშად დაირღვა საარჩევნო კანონი. ამ საკითხს ის იხილავს არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა და ბათილად ცნობის შემთხვევაში ნიშნავს ხელახალ არჩევნებს ოლქში წარდგენილი კანდიდატებისათვის. ხელახალი ხმის მიცემა უნდა ჩატარდეს საერთო არჩევნებიდან არა უგვიანეს ორი კვირისა. ცენტრალური საარჩევნო კომისია რესპუბლიკურ გაზეთებში, ტელევიზიითა და რადიოთი შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.
Source: საქართველოს მოქალაქე და მისი არჩევანი: სემინარი საქ. ჟურნალისტებისათვის: [ბროშურა / რედ. თამაზ კოსალაშვილი] ; კავშირი „დიალოგი“ - თბ.: [ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში], 1999

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Полезное



Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»